მორიგმა ქართულმა ოცეულმა ცარ-ში მიმდინარე სამშვიდობო მისია დაასრულა
20 თებერვალი 2020

ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა. EUTM RCA-ის ევროკავშირის ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ერიკ პეტიემ ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და მედლებით დააჯილდოვა. ფრანგმა გენერალმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და მათ საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-4 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ დისლოცირებული ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული და კონვოირება იყო.