ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
15 თებერვალი 2020

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან მიუნხენში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ, კანადელ და მონტენეგროელ კოლეგებს შეხვდა. საერთაშორისო ფორუმის პარალელურად, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ლატვიის, ფინეთის და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებთან.

 ღონისძიების მეორე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციასა და გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.