საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრა გამართეს
13 თებერვალი 2020

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა ფრანგ კოლეგასთან ფლორენს პარლისთან გამართა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საფრანგეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივის - საჰაერო თავდაცვის განვითარებაში საფრანგეთის მხარდაჭერა.

მხარეებმა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიულ დიალოგზეც“ იმსჯელეს, რომელიც ფრანგულ მხარესთან მრავალმხრივ და მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხების სფეროში ინტენსიურ კონსულტაციებს ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის აკვატორიაში ფრანგული სამხედრო გემების რეგულარულ ვიზიტებს. ასევე, აღინიშნა აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობა. საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.