ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში RSM ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო
13 თებერვალი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო. თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს.