აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლის ვიზიტი საქართველოში
13 თებერვალი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალს ევროპასა და აფრიკაში, გენერალ-მაიორ პატრიკ ჰერმესმანს უმასპინძლა.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე. 

დღესვე გენერალ-მაიორი პატრიკ ჰერმესმანი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ მე-13 ბატალიონის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო. ამერიკელი გენერალი საზღვაო ქვეითი ძალების წარმომადგენლებსა და ქართველ ჯარისკაცებს პირადად გაესაუბრა და ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მზადება მიმდინარეობს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე, ოცეულის დონის წვრთნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გადის და სამხედრო მოსამსახურეებს ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებენ.