თავდაცვის უწყება ნატოს დელეგაციას მასპინძლობს
10 თებერვალი 2020

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების პროცესის (SNGP Refresh) ინიცირების მიზნით, საქართველოში ნატოს საერთაშორისო და სამხედრო სამსახურების ერთობლივი დელეგაცია იმყოფება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ უმასპინძლეს. 

საქართველოში მოვლენილ ნატოს ძირითად ჯგუფთან (NATO Core Team) ერთად მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების პროცესზე ისაუბრეს, რომლის მიზანს 5 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის და გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო მეტად დახვეწილი და გაძლიერებული პაკეტის ჩამოყალიბება წარმოადგენს. 

SNGP განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ (NAC) 2019 წელს ბათუმში ვიზიტის ფარგლებში მიიღო. განახლების პროცესში საქართველო აქტიურად განაგრძობს ნატოსთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციებს, რის საფუძველზეც, საქართველოს და ალიანსის სტრატეგიული და ოპერატიული ინტერესების გათვალისწინებით, ნოემბრისთვის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცდება.

ნატოს დელეგაციას, რომელსაც ნატოს საერთაშორისო ოპერაციების წარმომადგენელი გუსტავ ვრომენი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე შექმნილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში უმასპინძლეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უწყებათაშორისი საბჭო 2019 წლის ოქტომბერში შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მუდმივ წევრებად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი განისაზღვრნენ. საბჭო უფლებამოსილია ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილებაზე.