გაიცანი შენი ჯარისკაცი - უფროსი ლეიტენანტი პავლე ყაველაშვილი
24 იანვარი 2020

„სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, რაც აისახება კოალიციის ქვეყნების წარმომადგენლების დადებით გამოხმაურებებში“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე უფროსმა ლეიტენანტმა პავლე ყაველაშვილმა

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ოფიცერი ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტია. მან საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს ნატოში გაწევრიანების სუბიექტური და ობიექტური ასპექტები“ სადოქტორო კვლევის ფარგლებში წაიკითხა.

უფროსმა ლეიტენანტმა ყაველაშვილმა 2011 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთო საჯარისო მართვის მიმართულებით ჩააბარა. ის 2017 წლიდან თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი  ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ოცმეთაურად მსახურობს. ოფიცერი პასუხისმგებელია სამხედროების საბრძოლო მომზადების დონესა და მათი მოტივაციის შენარჩუნებაზე. აღნიშნულმა ბატალიონმა პირველმა გაიარა სწავლება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, რის შემდეგაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრა.

შრომატევადი სამხედრო საქმის პარალელურად, უფროსი ლეიტენანტი ყაველაშვილი ინდივიდუალურ განვითარებას არ წყვეტს და იკვლევს თემებს, რომელსაც ის და მისი თანამებრძოლები პრაქტიკულად ახორციელებენ. მისი განცხადებით, ქვეყნის დასავლური კურსი უალტერნატივოა, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რაც შემდგომში ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესებას გულისხმობს. ოფიცრის ხედვები კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით მხოლოდ საქართველოს სამსახურს უკავშირდება.