ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
21 იანვარი 2020

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ასევე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემატიკაზე გაკეთდა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.