საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
20 იანვარი 2020

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ დიპლომატს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობისთვის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ეფექტურ პრაქტიკულ თანამშრომლობას ყველა საჭირო მექანიზმის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებას.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩეხეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.