წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 
10 იანვარი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალებს 62 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადეს.

ჯარისკაცებს ფიცის დადება და საქართველოს თავდაცვის ძალებში გაწევრიანება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცა და თავდაცვის მინისტრის ხედვა კიდევ ერთხელ გააცნო, რაც ჯარისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. ეროვნული გვარდიის უფროსმა სამხედროებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური და წარმატება უსურვა.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში გამოვლენილ, წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათ კვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
დღეიდან ჯარისკაცები თელავში, მე-20 კადრირებულ ბრიგადაში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად რიგითმა გიგა რამაზიშვილმა ხელი სთხოვა მის რჩეულს სოფო ბაკურაძეს. შეყვარებულებმა მეგობრებისგან და ახლობლებისგან მილოცვები მიიღეს.

ვიდეო რეპორტაჟი