ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა
9 იანვარი 2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს. ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს, სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო სტრატეგიულ პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროს ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს, უზრუნველყოფს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

მინისტრი სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების განვითარების 2020 წლის ძირითად პრიორიტეტებზეც ესაუბრა და უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ სამინისტროში თავდაცვის ატაშეეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ვიდეო რეპორტაჟი