ქართული ოცეულები საერთაშორისო მისიებში ჩართვისთვის მზად არიან
27 დეკემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების ოცეულები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ჩართვისთვის მზად არიან. ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიისთვის გადასროლისწინა მომზადება დღეს დაასრულა.

პოლონეთში დისლოცირებული ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის შემადგენლობაში ჩართვისთვის კი, წვრთნები გაიარა სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის ოცეულმა.  ქართული ოცეულების გადასროლისწინა მომზადების დასრულების ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) გაიმართა.

სამხედროებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში კურსის უფროს ინსტრუქტორებსა და სამხედროებს მადლობის სიგელები გადაეცათ. 

ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულებმა მისიებში ჩართვისთვის ექვსკვირიანი მომზადება გაიარეს და კონვენციური და არაკონვენციური ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

ვიდეო რეპორტაჟი