სამშვიდობო მისია
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონის (შემადგენლობა – 749 ჯარისკაცი) სამხედროები ავღანეთიდან საქართველოში ბრუნდებიან. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობენ. ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში  მონაწილე ბატალიონის დანაყოფი საქართველოში დღეს საღამოს, 20:00 სთ–ზე ჩამოვიდა. მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე და ამერიკის ელჩი საქართველოში  ჯონ ბასი დახვდნენ. 
ქართველი სამხედროების როტაციის წესით ჩანაცვლება მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ბოლომდე დასრულდება. 31–ე ბატალიონს მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე ბატალიონი ეტაპობრივად ენაცვლება. ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 32–ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. 
 
სპეციალური მომზადება 32–ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.