DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლების რეგიონული სემინარი მიმდინარეობს 
11 დეკემბერი 2019

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) „კეთილსინდისიერების ამაღლების აღმასრულებელ რეგიონულ სემინარს“ მასპინძლობს. რეგიონული მასშტაბის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება.

სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როზარია პუგლისმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მსმენელებს სიტყვით მიმართა ნატოს სათაო ოფისის წარმომადგენელმა, რენატა ზალესკამ.

კეთილსინდისიერების ამაღლების რეგიონული სემინარი მიზნად ისახავს რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, კორუფციული რისკების შეფასების კუთხით არსებული რეალობის შეფასებას, რისკების განსაზღვრასა და მართვის მექანიზმების ანალიზს. შეხვედრის განმავლობაში ყურადღება კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს მუშაობისთვის რისკების შეფასებასა და მართვის პრაქტიკული მეთოდოლოგიის შემუშავებაზე გამახვილდება.

სემინარში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების გარდა, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების იმპლემენტაციას 2013 წლიდან ახორციელებს.