საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Noble Partner მეხუთედ უმასპინძლებს
10 დეკემბერი 2019

2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. საერთაშორისო წვრთნა სექტემბერში ვაზიანის სხვადასხვა სასროლეთზე გაიმართება და მასში რამდენიმე სიახლის ჩართვაც იგეგმება. Noble Partner 2020-ში საველე სწავლების პარალელურად პირველად ჩატარდება მრავალეროვნული ბრიგადის დონის საშტაბო-სამეთაურო სწავლება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სიმულაციური გათამაშებით. სწავლებაში დამატებული იქნება ასევე, ისეთი ახალი მიდგომები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო ოპერაციებისა და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტების ჩართულობა.

სწავლების საწყისი დაგეგმარების კონფერენცია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხ პალასში“ მიმდინარეობს. საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მასშტაბური სამხედრო წვრთნისთვის კონკრეტულ ლოკაციებს არჩევენ, ზუსტდება მონაწილე ქვეყნებისა და სამხედროების ზუსტი რაოდენობა, ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხები. „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე კი, სწავლების შესახებ უკვე ყველა დეტალი გაიწერება და შეთანხმდება.

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. 

ვიდეო რეპორტაჟი