ლექცია სტუდენტებისთვის ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ
27 ნოემბერი 2019

ნატოს სამეკავშირეო ოფისში პროექტის „ნატოს წარმატების ისტორია“ ფარგლებში ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ლექცია ჩატარდა.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაჭრილი კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ავღანეთში მიღებულ პირად გამოცდილებაზე ესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესსა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. კაპრალმა დადიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და მათი მონაწილეობის მნიშვნელობა. 
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ბუბა ლომუაშვილი დაესწრო.

პროექტი „ნატოს წარმატების ისტორია“ ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტი ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.