საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის კონფერენციას დაესწრო
26 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის კონფერენციას დაესწრო. ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურები ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებსა და მისიებს, ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობებსა და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდნენ. კონფერენციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებიც დაესწრნენ, რომლებიც შესაბამის დისკუსიებში იღებდნენ მონაწილეობას. სხდომის მონაწილე უმაღლესმა სამხედრო პირებმა უსაფრთხოების სფეროს თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ერთმანეთს საერთო ხედვა გაუზიარეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საწვრთნელი მისიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო ოპერაციებისთვის სათანადო რესურსების, შესაძლებლობებისა და კონტინგენტის უზრუნველყოფის საჭიროებაზე.