რეკრუტების ფიცის დადების ცერემონია კრწანისში
23 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიულოცა, წარმატებები და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კურსის წარმატებულ ინსტრუქტორებს სიმბოლური საჩუქრები, საუკეთესო რეკრუტებს კი სიგელები გადასცეს, ხოლო ინსტრუქტორებისა და კურსდამთავრებულების ნაწილს მადლობა გამოეცხადა.
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.

დღეიდან ისინი საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.

ვიდეო რეპორტაჟი