სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ
22 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლის გახდა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ და პარტნიორი პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ტაქტიკური გადაადგილების, ობიექტზე შეტევის, წმენდის, პერიმეტრის  უსაფრთხოების, ევაკუაციის და ობიექტის განადგურების ამოცანები შეასრულეს. ოპერაციის რაიონის იზოლირება მეტყვიამფრქვევის და სნაიპერთა ჯგუფის მიერ განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სამთო კოშკურიდან  თოკებით დაშვების სხვადასხვა ამოცანაც განახორციელეს.
1999 წლის 22 ნოემბერს ნატოს წევრი ქვეყნის - თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ ჩატარდა, რომელიც  12 ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა. ასე შეიქმნა პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი და საქართველოს თავდაცვის ძალებში სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ტაქტიკური ქვედანაყოფის შექმნას ჩაეყარა საფუძველი.

ვიდეო რეპორტაჟი