ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის ქართველ კურსანტებს შეხვდა
21 ნოემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუანტიკოში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ის ქართველი ოფიცრები მოინახულა, რომლებიც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტში სამეთაურო-საშტაბო და მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსებს გადიან. თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს წარმატება უსურვა და აშშ-ს სამხედრო სასწავლებელში განათლების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მანამდე კი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განათლების სარდლობისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მეთაურს, ბრიგადის გენერალს ჯეი ბარგერონს შეხვდა, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილს საზღვაო ქვეითთა კორპუსის უნივერსიტეტის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობასა და ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე. ამერიკელ გენერალთან საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ 27-წლიან წარმატებულ თანამშრომლობას და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელს თავდაცვის მინისტრი პენტაგონში მოაწერს