თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს
20 ნოემბერი 2019

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია პირველად ტარდება და მასში ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ექსპერტ-ანალიტიკოსები, ასევე, ქართველი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 
კონფერენცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა.  
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ და მათთან გამკლავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

ვიდეო რეპორტაჟი