II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა
20 ნოემბერი 2019

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის რეგიონალური მხარდამჭერი დაჯგუფების მეთაურმა, პოლკოვნიკმა შად სმიტმა, „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების ხელშეწყობის დარგში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ კოლეგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის ძალთა უსაფრთხოების დაცვა იქნება.

ვიდეო რეპორტაჟი