სამხედრო პოლიციის ოცეული ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში მონაწილეობისთვის ემზადება 
15 ნოემბერი 2019

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ოცეულის წვრთნის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს.
სწავლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ტარდება და სამხედრო პოლიციის ძირითად დისციპლინებს მოიცავს. წვრთნები მიზნად ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და გაწევრიანებისთვის მომზადებას ისახავს და მას პოლონელი ინსტრუქტორები უძღვებიან.  

წვრთნების ფარგლებში საველე-სიტუაციური სწავლება გაიმართა. მონაწილეებმა სცენარის მიხედვით გათვალისწინებული სავარჯიშოები, მნიშვნელოვანი პირის ევაკუაცია, კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია შეჯავშნული ავტომობილების გამოყენებით შეასრულეს.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბუბუნაური და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიჰოფერი დაესწრნენ. მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პოლონურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ერთ წელზე მეტია ნატოს მრავალეროვნულ ბატალიონთან თანამშრომლობით, ოცეული ინტენსიურად ემზადება. 2020 წლის ბოლომდე კი ქართული ოცეულის ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანება იგეგმება, რაც ქართულ მხარეს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. 

წინამოსამზადებელი წვრთნების განმავლობაში სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ოცეულს ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორები ამზადებენ. ისინი სწავლებებს საქართველოსა და უცხოეთში გადიან.

ვიდეო რეპორტაჟი