შეხვედრა ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლებთან
13 ნოემბერი 2019

სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ავღანელ კოლეგებს შეხვდნენ. 

მე-12 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ფარვანის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციებზე პასუხისმგებელი ავღანეთის ეროვნული არმიის ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მუჯტაბა საიედის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უმასპინძლა. შეხვედრა 43-ე ბატალიონის ორგანიზებით შედგა და ის მე-12 ბატალიონისთვის ოპერაციის რაიონის გადაბარების პროცესის შემადგენელი ნაწილია. 

შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. ავღანური არმიის ბატალიონის მეთაურმა ქართველ სამხედრო მეთაურებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართულ-ავღანური სამხედრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. 
შეხვედრის ბოლოს 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ქართველი სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული ბატალიონი პასუხისმგებელია ავღანური ბატალიონის წვრთნაზე, რეკომენდაციების მიცემასა და მხარდაჭერაზე. ერთობლივ სწავლებებთან ერთად ქართული მხარე აღნიშნული დანაყოფის ტაქტიკური ოპერაციების განხორციელების პროცესსაც კურირებს, ხშირად ტარდება ერთობლივი ოპერაციებიც. აღნიშნული ძალისხმევის საბოლოო მიზანი ავღანური ბატალიონის მიერ დაგეგმარების, მომზადებისა და აღსრულების პროცესის დამოუკიდებლად განხორციელებაა.