ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში
8 ნოემბერი 2019

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ. მათ მასპინძლობა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.

ადამ კინზინგერი და ალექსანდერ მუნი ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს. კონგრესმენებმა ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
ამერიკელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა და ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერეს. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს შეხვედრა.

ვიდეო რეპორტაჟი