შავი ზღვის რეგიონის ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს შესახებ GDSC-ის პირველ პანელზე იმსჯელეს
6 ნოემბერი 2019

საერთაშორისო ფორუმის პირველი სესია შავი ზღვის რეგიონის ცვალებად უსაფრთხოების გარემოს შესახებ საუბარს დაეთმო.
პირველი სესიის მომხსენებლები  იყვნენ: აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფერ კავოლი, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, (გადამდგარი) ლეიტენანტ-გენერალი ატანას ზაპრიანოვი. პანელს მოდერატორობას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როზარია პუგლისი უწევდა.

პანელის მომხსენებლებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების ფონზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპასუხო რეაქცია, შავი ზღვის რეგიონისა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გასამყარებლად გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები განიხილეს. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელს, ნატოს ასპირანტ ქვეყანასა და ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორს რეგიონში, აქვს ამბიცია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასამყარებლად.

მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მდგრადი, უნარიანი, ეფექტიანი და ურთიერთთავსებადი თავდაცვის ძალების არსებობა. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია შესრულდეს პრინციპი შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით, რაც შავი ზღვის რეგიონში მეტი ნატოს ჩართულობასა და არსებობას გულისხმობს.