ადამ კინზინგერი : „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს თქვენს თვითგამორკვევის უფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას
6 ნოემბერი 2019

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს თქვენს სუვერენულ უფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ჩვენ გვწამს რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ერთგვარი გზავნილი ნატოს მისამართით“, - ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვით გამოსვლა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.
როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება ზუსტად ისეთი პარტნიორი, როგორიც საქართველოა. „ჩვენ ერთად ვთანხმდებით საქართველოს მომავალზე და ჩვენს მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რაც ნათელი გახდა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით, რომელსაც მხარი კონგრესში ორივე პარტიამ დაუჭირა“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ცივი ომის შემდეგ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ ფონზე ქვეყნების თვითგამორკვევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ყოველთვის თავისუფლება და მიზანდასახულობა იგებს.
ადამ კინზინგერმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა ყურადღება: „საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანა ავღანეთში. საქართველომ თავისი წონითი კატეგორიის მიღმა გაართვა თავი პასუხისმგებლობებს. ეს არის მაგალითის მომცემი და რა თქმა უნდა, კარგად არის დანახული ამერიკაში. აშშ-ის სახელით დიდი მადლობა საქართველოს ხალხს ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში ძალისხმევისთვის!“