გენერალ-ლეიტენანტი კავოლი: „ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობით“
6 ნოემბერი 2019

გენერალ-ლეიტენანტი კავოლი: „ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობით“
„აქ, საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს უზრუნველყოფს. ეს ძალისხმევა თავს უყრის 28 ნატოს წევრ და 2 პარტნიორ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებაში და ტაქტიკურ მომზადებაში ეხმარება. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობით. ეს ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობა გახლავთ.
ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, აშშ-ის არმია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. საბრძოლო მომზადების ცენტრში, ვაზიანში, ჩვენ ვეხმარებით ქართულ არმიას განავითაროს ძალთა მომზადების ახალი მოდელი. ქართულ არმიას მიღწეული აქვს ტაქტიკური სრულყოფის ისეთი დონე, რომლითაც მსოფლიოში ნებისმიერს უწევს კონკურენციას,“ - განაცხადა აშშ-ის არმიის ევროპის სარდალმა.
გენერალ-ლეიტენანტმა კრისტოფერ კავოლიმ ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების მნიშვნელობაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, თანამედროვე გამოწვევებზე და საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამერიკელი გენერლის მოსაზრებით, ღონისძიებაზე დამსწრეთა რიცხვი და მასში მონაწილეთა მაღალი რანგი ადასტურებს კონფერენციაზე გასამართი დისკუსიების მნიშვნელობას და დროულობას.
მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონისა და მისი მიმდებარე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ნატო-საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.