ლელა ჩიქოვანი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა
6 ნოემბერი 2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს გიომ ლაგანს შეხვდა.
შეხვედრაზე საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
​შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.
მხარეებმა „დიმიტრი ამილახვარის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობასა და მიმდინარე წლის დეკემბერში ამ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზეც იმსჯელეს.

ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ქ. ბათუმში გაიმართა.