სემინარი კიბერ უსაფრთხოების თემაზე
2 მაისი 2015
დღეს თავდაცვის სამინისტროში კიბერ უსაფრთხოების თემაზე სემინარი გაიმართა. თავდაცვის სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოწვევების შესახებ ქართველ ექსპერტებთან ერთად ესტონელმა და ბრიტანელმა კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებმა იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარი ესტონეთის კიბერ უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რაულ რიკმა გახსნა. ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში საინფორმაციო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციის დაცვის ოფისის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნაიჯელ ჰარისონმა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა. სემინარს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ესტონელი ექსპერტის რაულ რიკის განცხადებით, სემინარი საქართველოს კიბერ უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასაც შეუწყობს ხელს. “მრგვალი მაგიდის მთავარი მიზანია გავარკვიოთ, თუ რის გაკეთებას გეგმავენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებები ამ სფეროში და რა სახით შეიძლება განვითარდეს მათი თანამშრომლობა მომავალში. საქართველოზე კიბერ შეტევა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრის დროს განხორციელდა. სამხედრო ოპერაციის პარალელურად მსგავსი სახის თავდასხმა საქართველოს მანამდე არ გამოუცდია. ეს დღეს რეალურ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ სხვადასვა სახის ინიციატივები შევაჯეროთ,” აღნიშნა რაულ რიკმა.