ხონში VI საარტილერიო ბრიგადის იუბილე აღნიშნეს
1 ნოემბერი 2019

არტილერისტებმა ხონში VI საარტილერიო ბრიგადის 11 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი, სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურები, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. სარდალმა სამხედრო მოსამსახურეები საშტატო კატეგორიის იარაღით, უწყებრივი მედლებით, საპატიო სიგელებითა და საარტილერიო ბრიგადის სამახსოვრო ბარათებით დააჯილდოვა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ბრიგადაში ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სტუდენტებს ბრიგადის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.