საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
29 ოქტომბერი 2019

6-7 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-13 კონფერენცია  ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდება.

ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება.

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://gdsc.mod.gov.ge/

 

აკრედიტაცია მედიისთვის

 

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული ღონისძიების გაშუქებით, აკრედიტაცია უნდა გაიარონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა ღონისძიების დაწყების წინ.

 

დასწრების მსურველმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად, pr@mod.gov.ge ელ-ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი მონაცემები:

 

სახელი, გვარი 
მედიასაშუალების დასახელება
პოზიცია 
საკონტაქტო ინფორმაცია