მცხეთა-თბილისის მასშტაბით რეზერვისტთა მეორე ეტაპის პირველი შეკრება დასრულდა
19 ოქტომბერი 2019

ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, რეზერვისტთა მეორე ეტაპის საწყისი შეკრება დასრულდა. ამჯერად რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი მცხეთაში, I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ბატალიონის ბაზაზე დადეს. 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის I ასეულის სარეზერვო პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცა.

რეზერვისტები თავდაცვის ძალებში 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეა, რომელიც 12 თვეზეა გადანაწილებული. სამოქალაქო პირებისთვის თავდაცვის ძალებში მსახური ნებაყოფლობითია და აქტიურ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. სტუდენტები კი, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.

დღესვე საპილოტე პროექტის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის (Valiante) და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. მადლობის სიგელები გადაეცათ მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე კადრირებულ მსუბუქ ქვეით ბატალიონს პროექტის წარმატებით მიმდინარეობისთვის.
ტერიტორიული რეზერვის მეორე ეტაპის საწყისი შეკრება იმერეთის რეგიონში, კოპიტნარის სამხედრო ბაზაზეც დასრულდა.

ვიდეო რეპორტაჟი