თავდაცვის მინისტრისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა
3 ოქტომბერი 2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალ სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიას, 6-7 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) და სამხედრო განათლების საკითხებს შეეხო. მხარეებმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრეს.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგაციაში ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.
საბჭოს წევრები ადგილზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.