ავღანეთში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მოედანი გაიხსნა
22 სექტემბერი 2019
დღეს, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა.
 
ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად კოალიციურ ბაზაზე მარათონი გაიმართა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გარბენში მონაწილეობა ჩეხმა, ამერიკელმა, პოლონელმა და ბოსნიელმა სამხედროებმა მიიღეს.
 
მარათონში გამარჯვებული სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ვოლფორდმა (Brian Wolford) ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
 
დღესვე 43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ ვასილ ყულჯანიშვილისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში აღავლინა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხვიჩა კალანდაძე და 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ესწრებოდნენ.
 
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.
 
ვიდეო რეპორტაჟი