ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან
11 სექტემბერი 2019
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსს მასპინძლობს. სწავლების მონაწილეები საჩხერისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო უბნებზე პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან.

სამთო სწავლების ფარგლებში კურსანტები კაცხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის პრაქტიკულ მეცადინეობებს ასრულებენ. სამხედროები ბუნებრივ კედელზე ცოცვას, დაბრკოლებების დაძლევას მდინარის გადალახვის დროს, ევაკუაციის ორგანიზებას და სამედიცინო დახმარების წესებს სწავლობენ.

სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 2 სექტემბერს დაიწყო 16 სექტემბერს დასრულდება.

კურსი საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მასში 3 ქართველი და 13 უცხოელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ვიდეო რეპორტაჟი