თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სპეციალიზებული სწავლება დაასრულეს
6 სექტემბერი 2019
საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებმა სპეციალიზებული სწავლება დაასრულეს, რომელიც დენთების სტაბილურობის დადგენის მეთოდების შესწავლას ისახავდა მიზნად. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ გადასცეს.
 
2-კვირიანი სპეციალიზებული კურსი სტაციონალურ ქიმიურ ლაბორატორიაში და საველე პირობებში წარიმართა.
 
ავსტრიულმა მხარემ სწავლებისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები, სხვა საჭირო ქიმიურ ნივთიერებებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა.
 
საბრძოლო მასალების შენახვის დეპოების მენეჯმენტის პროექტი ავსტრიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და პრაქტიკული დახმარებით 2019 წლის დასაწყისიდან ხორციელდება. პროგრამა საბრძოლო მასალების შენახვის დეპოების თანამედროვე სტანდარტებით მართვისთვის აუცილებელი ცოდნისა და პროცედურების, ასევე, ვადაგასული საბრძოლო მასალების ტესტირებისთვის აუცილებელი ცოდნისა და ტესტირების საშუალებების გადმოცემას ითვალისწინებს.