თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა ინგლისური ენის კურსი დაასრულეს
2 სექტემბერი 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ინგლისური ენის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა დეივიდ ეთელმა, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, სასწავლო ცენტრის მენეჯერმა სტივენ შელიმ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა დავით გუნაშვილმა გადასცეს. 

მათ კურსდამთავრებულებს მიულოცეს კურსის დასრულება, უსურვეს შემდგომი წარმატება და ასევე  ისაუბრეს თავდაცვის ძალებში ინგლისური ენის შესწავლის მნიშვნელობაზე. 

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. 

ინგლისური ენის კურსი  უწყების 21-მა სამხედრო და სამოქალაქო პირმა გაიარა. 120 საათიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელებმა ინგლისურ ენაში  წერის, კითხვის და მოსმენის უნარები გაიუმჯობესეს. 

თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის კურსი რეგულარულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.