სამხედრო მედიცინის 27 წლის იუბილე
11 აგვისტო 2019

11 აგვისტო სამხედრო მედიცინის დღეა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.

 27 წლის იუბილე სამხედრო ექიმებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ - მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს. მათ სიტყვით მიმართვისას თავდაცვის ძალებში სამხედრო ექიმების როლი აღნიშნეს, სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპული ექიმები გაიხსენეს და მოქმედ ექიმებს წარმატება უსურვეს.

 მედიცინის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობა გამოეცხადა მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirite 2019 მონაწილე სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალსაც. განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის ვეტერან სამხედრო ექიმებს კი, გადაეცათ სიგელები.

 ქართული სამხედრო- სამედიცინო სამსახური ნატოს სტანდარტების შესაბამისად სამხედრო - სამედიცინო უზრუნველყოფისა და სამედიცინო ევაკუაციის თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველ მედიკოსებს ამოცანების შესრულება უწევთ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მისიებში მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებსა და სამხედრო სწავლებების დროს.

ვიდეო რეპორტაჟი