აგვისტოს ომის 11 წლისთავი
8 აგვისტო 2019
2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საბრძოლო მოქმდებებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად მივიდნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
 
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა. „აგვისტოს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედრო მოსამსახურეების სახელები გვაძლიერებენ ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ ბრძოლაში, მათი სახელები გვაძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში, ჩვენს ძმებთან - ოსებთან და აფხაზებთან ერთიან სახელმწიფოში, საერთო კეთილდღეობის შექმნის მისწრაფებებში. ქედს ვიხრი მათი სახელების წინაშე!“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
 
დღესვე თავდაცვის ძალების კაპელანმა დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
 
ვიდეო რეპორტაჟი