თვითმფრინავის მექანიკოსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის გამოშვება
26 ივლისი 2019

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლის თვითმფრინავის მექანიკოსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ მიულოცეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მხარდაჭერა აღუთქვეს, საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებისა და სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თვითმფრინავის მექანიკოსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსი 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითმფრინავის კონსტრუქცია, სისტემები, საავიაციო ძრავის შემადგენელი ნაწილები, მოწყობილობები, მომსახურეობის სახეები და ეტაპები თეორიულად შეისწავლეს; პრაქტიკული მეცადინეობები კი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიარეს.

დღეიდან კურსის მონაწილეები თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.