საფრანგეთის სამთო ჯარების მეთაურის ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში
25 ივლისი 2019

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის ქვეითი სამთო ჯარების მეთაურს უმასპინძლეს. სკოლის ხელმძღვანელობამ ბრიგადის გენერალ პიერ-ჟოზეფ ჟივრის სკოლის ისტორიის, მიზნების, იქ არსებული სამთო კურსების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ფრანგულ მხარეს სკოლის დაარსებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ქართველი ინსტრუქტორების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის ფარგლებში ფრანგმა გენერალმა სკოლის ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და შეიარაღებაც დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. ფრანგი სტუმრები სკოლის ინსტრუქტორების მიერ სპეციალურად შესრულებულ სადემონსტრაციო-საჩვენებელ ვარჯიშებსაც დაესწრნენ, რაც რამდენიმე სამთო დისციპლინას, სიმაღლიდან თოკით დაშვებას, ლითონის ბაგირით ხევის ფორსირებასა და ავსტრალიურ დაშვებას მოიცავდა. ბრიგადის გენერალ პიერ-ჟოზეფ ჟივრის სამხედრო მოსამსახურეებთან არაფორმალურ ვითარებაში გასაუბრების შესაძლებლობაც ჰქონდა.

გენერალთან ერთად საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საქართველოში საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი თავდაცვის ატაშეები და თავდაცვის ატაშეს მოადგილე იმყოფებოდნენ.

ვიდეო რეპორტაჟი