საქართველოს თავდაცვის ძალებს 300-მდე სამხედრო მოსამსახურე შეემატა
19 ივლისი 2019

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის გამოშვებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ საჩვენებელი ვარჯიშითი - ტაქტიკური დავალება, ათეულის კონტაქტზე რეაგირება - დაიწყო. ვარჯიშის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა პირდაპირ ცეცხლზე რეაგირებისა და მოწინააღმდეგეზე მანევრირების ამოცანები შეასრულეს.

ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე ჯარისკაცებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების ნაწილს მადლობის სიგელები, ზოგიერთ მათგანს კი საპატიო სიგელები გადაეცათ.

დღეიდან 241 საკონტრაქტო და 58 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

ფიცის დადებამდე მათ საწყისი საბრძოლო მოზადების ცენტრში ათკვირიანი კურსი დაასრულეს. კურსის განმავლობაში საცეცხლე, სამწყობრო, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება გაიარეს და ნავიგაცია-ტოპოგრაფიასთან, სადისციპლინო წესდებებთან, საინჟინრო და კავშირგაბმულობის თემებთან დაკავშირებით მეცადინეობები ჩაუტარდათ.

ვიდეო რეპორტაჟი