ლევან იზორია: „ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს გვქონია“
11 ივლისი 2019

ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პანელზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“ სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა. მინისტრმა ყურადღება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულეთ ამბიციური რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული და ახლა შემდეგი სამწლიანი თანამშრომლობის ციკლისთვის ვემზადებით, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლა ტერიტორიული თავდაცვისთვის ვემზადებით, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებასა და შესაბამისად, პროვოკაციების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს: „სწორედ ამ მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დავიწყეთ, რომელიც თავდაცვითი ამოცანებისთვის ბატალიონების მომზადებასა და მათი ნატოს სტანდარტებით აღჭურვას ითვალისწინებს“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

„ჩვენ გვინდა შევქმნათ მყარი ფუნდამენტი, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოსთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ თანამშრომლობა აშშ-სთან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, გერმანიისა და საფრანგეთის მხარდამხარ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სწავლებების გაზრდილი მასშტაბის მნიშვნელობაზე, რომელიც შეკავების პოლიტიკის ნაწილია: „ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი როტაციული წვრთნა ჩავატაროთ საქართველოში ნატოს სხვა ქვეყნების მონაწილეობით, რაც ნიშნავს, რომ მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი საქართველოში უკავშირდება მეტ უსაფრთხოებას.“