მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დასრულდა
8 ივლისი 2019

ქ. სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დასრულდა.

სწავლება უკვე მესამედ ჩატარდა და მასში 21 მოქმედმა და მომავალმა ჟურნალისტმა, ფოტოგრაფმა და ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა. „ღირსეული პასუხი 2019“ ის მონაწილეებს პროექტის ორგანიზატორებმა სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

მედია სწავლების მიზანი იყო ჟურნალისტებისათვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში შეუწყობდა ხელს. შესაბამისად, სწავლებაში ჩართულმა საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გაუზიარეს თეორიული ცოდნა, ხოლო კრიზისული და საომარი ვითარების გათამაშების ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში შეემოწმებინათ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

სიმულაციური გათამაშების საველე კომპონენტი პრაქტიკულად საინფორმაციო კომპონენტის პარალელურად სამი დღე გაგრძელდა, სადაც სწავლების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირ ენახათ ცალკეული სამხედრო დანაყოფების მოქმედება და პრაქტიკულად გამოეცადათ ის სიტუაციები, რომლებიც მათ ომის გაშუქებისას შესაძლოა გადახდეთ, მათ შორის: ქიმიური საფრთხეები, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთობა და სხვადასხვა ტიპის საომარი ოპერაციის დროს ჟურნალისტური საქმიანობა და ა.შ.

სწავლება პირველად ჩატარდა უწყებათშორის ფორმატში, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სწავლება ჩატარდა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობითა და დასავლეთ სარდლობის აქტიური ჩართულობით. სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტში ჩართულნი იყვნენ თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა, სპეციალური ოპერაციული ძალები, სამხედრო პოლიცია, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, სამედიცინო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი, DIBS-ის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სხვა შესაბამისი სტრუქტურები.