მისაღები გამოცდები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
21 ივნისი 2019

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2019-2020 წლისათვის მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს. ლიცეუმში  მიიღებიან მოსწავლეები, ვინც მეცხრე კლასი დაამთავრა.

საბუთების ჩაბარება ლიცეუმში 17 ივნისიდან დაიწყო და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საბუთების ჩაბარების  პარალელურად აპლიკანტები  ფიზიკურ ტესტს აბარებენ. ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ღერძზე აზიდვას მოიცავს. ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, მოსწავლეები ზოგადი უნარების გამოცდას 6 ივლისს, მათემატიკაში, კი 7 ივლისს  ქუთაისსა და თბილისში ჩააბარებენ. აპლიკანტი  გამოცდის ჩაბარებისთვის ქალაქს  სურვილის მიხედვით აირჩევს. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 5 აგვისტოს გამოქვეყნდება.

მაღალი ქულის მქონდე მოსწავლეები სწავლის დაწყებამდე, სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.  

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2019-2020 წლის სასწავლო წლისთვის გათვალისწინებულია 126 მოსწავლის მიღება, აქედან 25 გოგონაა.

 გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი და გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

ვიდეო რეპორტაჟი