GIPA-ს სტუდენტები კრწანისის სასწავლო ცენტრში
2 მაისი 2015
დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის პირველი კურსის მაგისტრანტები, კრწანისის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ. ინსტრუქტორებმა მათ, პირველადი სამედიცინო დახმარების მეცადინეობასთან ერთად, კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებები გააცნეს.

სტუმრებმა კრწანისის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. ლაზარეთისა და ჯარისკაცთა ყაზარმის მონახულების შემდეგ სტუდენტებმა ჯარისკაცის ულუფაც გასინჯეს.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვებს ოფიცრებმა უპასუხეს და სტუმრებს კრწანისის სასწავლო ცენტრში მიმდინარე რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში დანერგილი განათლების სისტემა და ჯარისკაცთა მომზადების პროგრამა გააცნეს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები გასულ თვეს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, შეხვედრის მსვლელობისას ისინი ქართული ჯარის სტრუქტურას, ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ.