ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამთო მომზადების კურსი გაიარეს
17 ივნისი 2019

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ამერიკელმა  საზღვაო ქვეითებმა  სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო  კურსი გაიარეს.  სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა  და ამერიკელებთან ერთად მასში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეც მონაწილეობდა.

კურსის მონაწილეები სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამი კვირის განმავლობაში  კლდეზე ცოცვის ტექნიკას,  სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს,  ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების წესებს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და მაღალმთიან რეგიონში გადაადგილების ხერხებს, ასევე, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ტექნიკას ეუფლებოდნენ.

კურსი საჩხერესა და ჭიათურაში სხვადასხვა სასწავლო უბანზე მიმდინარეობდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა  ნატოს  „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში   ნატოს წევრი  და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების  კურსებს  რეგულარულად მასპინძლობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა,  როდესაც  ათმა ამერიკელმა  საზღვაო ქვეითმა  კურსი  აღნიშნულ სკოლაში გაიარა.

ვიდეო რეპორტაჟი