თავდაცვის სამინისტროში უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს უმასპინძლეს
13 ივნისი 2019

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა ჩიქოვანმა და ზაალ კაპანაძემ უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს, ირინა ფრიზს უმასპინძლეს. შეხვედრას  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე,  უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრის  პირველი მოადგილე,  გრიგორ გალაგანი,  საქართველოში უკრაინის ელჩი, თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და ორი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით.   აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, საქართველოში მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი 191 უკრაინელმა დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ და მათმა ოჯახის წევრებმა გაიარეს. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრი წლის განმავლობაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რამდენიმე ნაკადს მასპინძლობს.

უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი  მოადგილესთან ერთად,  საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მასპინძლობს. ვიზიტის მიზანია, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის, სტრატეგიის, მიმართულებების, პრიორიტეტების გაცნობა და ქართული მხარის გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაციის  წევრები წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრსაც მოინახულებენ.

ვიდეო რეპორტაჟი