„არმია“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში ითამაშებს
11 ივნისი 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინი-ფეხბურთის გუნდი „არმია“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში ითამაშებს. სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა ნახევარფინალში „გლდანის“ გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალი 23 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც „არმია“ „პატრულს“ დაუპირისპირდება.

„არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულიცაა. სამხედროებით დაკომპლექტებულმა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი "RS" ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, „არმიას“ ფეხბურთელები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 15-16 ივნისს დაგეგმილ მინი-ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატშიც EFBLU European Tour 3 2019 მიიღებენ მონაწილეობას.